ახალი ამბები
„მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინელი ინვესტორის დასაბრუნებლად“
FaceBook

„ტორპედოს“ მეპატრონეს, ზაალ ჩაჩავას ფეხბურთელებისთვის  სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. სპორტსმენებს მეოთხე თვეა ხელფასი არ აუღია.

კლუბში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინელი ინვესტორების დასაბრუნებლად, რომლებმაც კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაწყვიტეს.


სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილებას ფეხბურთელები „ჩიხურასთან“ მატჩამდე ელოდებიან, რომელიც 15 ივნისაა ჩანიშნული.


„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინელი ინვესტორების დასაბრუნებლად.  15-ში უკვე უნდა ვიცოდეთ პასუხი“, - აცხადებენ „ტორპედოს“ პრესსამსახურში.

ქუთაისურ კლუბში  არსებული ფინანსური პრობლემები სააშკაროზე თავად ფეხბურთელებმა გამოიტანეს. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას ორი თვის სახელფასო დავალიანება არ ჰქონდა გასტუმრებული. მოგვიანებით, პრობლემებზე თავად კლუბის მეპატრონემაც ისაუბრა და მომხდარი ჩინურ კომპანიას დაუკავშირა, რომელმაც მისი თქმით, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

თავდაპირველად ჩაჩავამ კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა, მოგვიანებით კი ფეხბურთელები უმადურობაში დაადანაშაულა და ხელფასების შემცირება დააანონსა.

თვიდან თვემდე სახელფასო დავალიანების გაზრდის პარალელურად, გაიზარდა „ტორპედოს“ გულშემატკივრების უკმაყოფილება. ქუთაისის მერიის წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც კლუბიდან ზაალ ჩაჩავას წასვლა მოითხოვეს. „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი მეპატრონე გუნდს  ვერ უვლის, რის გამოც ის არ იმსახურებს   კლუბში ყოფნას.


ქუთაისის „ტორპედო“, რომლიც წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე იყო, 2017 წელს აუქცონზე 300 000 ლარად გაიყიდა.

Print