ახალი ამბები
უხვმა ნალექმა ხარაგაულს პრობლემები ისევ შეუქმნა (ვიდეო)
FaceBook
გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დააზიანა სასოფლო გზები და მწყობრიდან გამოიყვანა ხიდები.
გვიან ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა ხარაგაულის ქუჩებიც დატბორა.



"ამჯერად, სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან", - ამბობენ ხარაგაულის მერიაში. 

მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა.


ხარაგაულში ეს არ არის სტიქიის პირველი შემთხვევა. მიმდინარე თვეში სტიქიამ მილიონ ლარზე მეტის ზარალი შეუქმნა მოსახლეობას. 

შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა.ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა შეჰყავთ.



ამავე თემაზე:

ხარაგაულში სტიქიით მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარს შეადგენს
Print