ახალი ამბები
"მერია ჯერ გაურიგდა კომპანიას და ახლა ხელშეკრულებას უწყვიტავს " - გიგა შუშანია
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს  „ნაციონალური მოძრაობის"  დეპუტატი,  გიგა შუშანია  ქუთაისის მერიას კომპანია "ჯეო სერვისთან " კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

გიგა შუშანიას თქმით,  მერიამ "ჯეო სერვისს",  რომელმაც ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მიატოვა,  ჯერ ტენდერში გამარჯვებია, ახლა კი ხელშეკრულების გაწყვეტით ემუქრება.


ოპოზიციონერი დეპუტატი  მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ქალაქის ხელისუფლება იმ სიტუაციიდან ცდილობს გამოსავლის პოვნას, რომელშიც თავისივე დაუდევრობით აღმოჩნდა.


„ქუთაისის მერი კვლავ აგრძელებს თავის  ტრადიციას და  ცდილობს თავისი მავნებლობა და დანაშაულებრივი საქმიანობა გადაფაროს ტყუილებით.  ამჯერადაც,  საქმე გვაქვს დაუდევრობასთან  და კორუფციულ სქემასთან. მერიამ ტაბიძის ქუჩაზე გამოცხადებულ  ტენდერში შეგნებულად მიუთითა მცირე ვადები და  თანხა, რომ ამ კონკრეტულ კომპანიას მოეგო.  კომპანიამ უკვე წინასწარ იცოდა, რომ მერია ეტაპობრივად თანხასაც დაუმატებდა და ვადებსაც გაუზრდიდა.  თავიდან სამუშაოებისთვის  ორთვიანი ვადა განისაზღვრა, შემდეგ კი 7 აგვისტომდე გადაუწიეს სამუშაოების დასრულების თარიღი და ვითომ დამატებითი სამუშაოების გამოჩენის გამო, დაუმატეს თანხაც. ეს არის ტიპიური კორუფციული გარიგება და ტენდერის მორგება კონკრეტულ  კომპანიაზე“, -  განაცხადა გიგა შუშანიამ.


მისი თქმით, კომპანიებზე ტენდერების მორგების სქემა ქალაქში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ხდება.

ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი კვირაა შეჩერებულია. ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ შპს  „ჯეო სერვისმა“ მის კონტრაქტორს თანხა არ გადაუხადა, რის გამოც კონტრაქტორმა სამუშაოების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, თუ კომპანია ერთი კვირის ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, მას ხელშეკრულებას გაუწყვიტავენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს „ჯეო სერვისს“ სატენდერო თანხა მერიამ არ გადაურიცხა, არასწორია.



ამავე თემაზე:

"სახლებს საძირკველი უჩანს" - რა ხდება ტაბიძის ქუჩაზე (ვიდეო)

"თუ ერთ კვირაში პრობლემა არ მოგვარდა, ხელშეკრულებას შევწყვიტავთ" - ქუთაისის მერია ტაბიძის ქუჩაზე

Print