ახალი ამბები
რატომ შეჩერდა სამუშაოები - ქუთაისის მერია ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე
FaceBook

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მერია განმარტებებს აკეთებს.


მათი განცხადებით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასა და მის კონტრაქტორს შორის გაურკვევლობა მოხდა, თუმცა, იყო თუ არა ეს ფინანსური გაუგებრობა და უკავშირდება თუ არა პრობლემა ობიექტზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობას, თვითმმართველობაში არ აკონკრეტებენ.

"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ჰყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა,  საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს," - განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.

რა გახდა სამუშაოების შეჩერების რეალური მიზეზი, უცნობია. ქუთაისიპოსტი  სამუშაოების შემსრულებლ კომპანია შპს „ჯეო სერვისის“ დირექტორთან, თამაზ კვინიკაძესთან დაკავშირებას შეეცადა,  თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაეობი ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს.  სამუშაოებისთვის 1 163 364 ლარი იხარჯება.

Print