ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება
FaceBook

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება.


საქართველოს კანონმდებლობით, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მოსწავლეთა მშობლებსაც აქვთ.

საბჭოს წევრობის კანდიდატებზე განაცხადების მიღება 12 ივნისამდე გაგრძელდება.

დაინტერესებულმა მშობელმა უნდა მიმართოს სკოლის დირექციას, სადაც დეტალურად განუმარტავენ საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობებსა და არჩევნებში მონაწილეობის წესებს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, არჩევნების პროცედურები განსაზღვრულია სკოლის წესდებით.

სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება სამი წლის ვადით ირჩევს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები და საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ არჩეული წარმომადგენელი.


სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ აირჩიონ სკოლის დირექტორი, დისციპლინარული კომიტეტი, დაამტკიცონ სკოლის შინაგანაწესი და ბიუჯეტი.

გარდა ამისა, საბჭოსთან ხდება სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება.

საქართველოში ორი ათასამდე, ხოლო ქუთაისში ოცდათორმეტამდე საჯარო  სკოლაა.  სკოლებში ამჟამად სამეურვეო საბჭოს რიგით მეხუთე არჩევნები იმართება.

საბჭოს არჩევნები  პირველად 2006 წელს ჩატარდა.

Print