ახალი ამბები
" ერთ თვეში 2000 -მდე საქართველოს მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს, რაც ქმნის პრობლემას"- ევროკავშირის ელჩი
FaceBook
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო - გამშვები პუნქტი მოინახულა და აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. იგი ასევე შეხვდა ლარნაკას მიმართულების მიმავალ მგზავრებს. ელჩმა ვიზიტისას მთავარი აქცენტი ვიზალიბერალიზაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის რაოდენობის გაზრდამ,  ქვეყანას უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით პრობლემები შეუქმნა.

"უვიზო მიმოსვლა არის ყველაზე დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში და ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს იყოს პოზიტიურად გამოყენებული, რათა უფრო მეტმა ქართველმა იმოგზაუროს ვიზის გარეშე ევროპაში. თუმცა, ამ გზაზე მთავარი გამოწვევა არის უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნა. შენგენის ქვეყნებში ერთი თვის განმავლობაში 2000 -მდე ასეთი მოთხოვნაა,  რაც ქმნის პრობლემას. სწორედ, ამის გამო,  საქართველომ დაიკავა ის პრობლემური ადგილი, რაც არ უნდა ეკავოს. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ეს სულისკვეთება იქნას შენარჩუნებული და ეს საკითხი არ გახდეს შემაფერხებელი იმ უმრავლეობისთვის, ვისაც სურს ევროპაში წასვლა ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


ევროკავშირის ელჩი იმერეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი  ქუთაისში  შშმ პირებზე მომუშავე ორ პარტნიორ ორგანიზაციას მოინახულებს, ასევე, ეწვევა  დღის ცენტრს და ავეჯის მწარმოებელ კომპანია "მადერა ჯორჯიას", რომელსაც წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს.

ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ელჩი წყალტუბოშიც ჩავა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის" პრეზენტაციას დაესწრება.   ასევე,  ოფიციალურად გახსნის ევროპის დღეს.




Print