ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვიტავს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისია,  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გია უკლებასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.


უკლება ბოლო ექვსი თვეა საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, იგი საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრება. ეს კი  საკმარისი საფუძველია, მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები დაიწყოს.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე ამბობს, რომ კომისიამ  უკვე მოამზადა შესაბამისი დოკუმენტები და საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.


“ადმინისტრაციული წარმეობა დაწყებულია და ვფიქრობ, მომდევნო სხდომაზე უკვე წარვადგენთ  დასამტკიცებლად“, -ამბობს ვლასი გარდაფხაძე.


მას შემდეგ რაც გია უკლებას უფლებამოსილება შეუწყდება, დეპუტატის ახალი წევრით ჩანაცვლებაზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს. „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით საკრებულოში შესვლა ბექა ქვაჩაკიძეს უწევს, თუმცა, თუ ის უარს იტყვის მანდატზე, პარტიას უფლება აქვს სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს.


„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაში  ამბობენ, რომ ბექა ქვაჩაკიძის საკრებულოს წევრად წარდგენა თითქმის გადაწყვეტილია.


მას შემდეგ რაც საოლქო საარჩევნო კომისია საკრებულოს ახალ  კანდიდატს წარუდგენს,   დეპუტატის  უფლებამოსილება კვლავ საკრებულომ უნდა სცნოს.



გია უკლება ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლიდან წარმოადგენს. იგი სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.

უკლება საკრებულოში ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა.  ბოლოდროინდელი  სკანდალი მის ცემას უკავშირდება, როცა, საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი მას თვითმმართველობის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩხუბის მიზეზი უკლებას მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი იყო.

დეპუტატის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.  ჩხუბში,  გამოძიების მიერ დადგენილ პირებს, ამირან კოპალეიშვილს და  იმედა საღინაძეს სასამართლომ  3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

Print