ახალი ამბები
დეპუტატის ეთიკისა და ქცევის წესები, შესაძლოა, რეგლამენტით დარეგულირდეს
FaceBook

ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს რეკომენდაციით მიმართავს.

 


რეკომენდაცია გულისხმობს: საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას, რომ დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ. ან/და შეიქმნას კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პირების ქცევის ნორმებს.

 

საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომას გამართავს.

შეხვედრაზე განიხილება ინიციატივა - გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში ცვლილების შესვლის თაობაზე. ცლილებები დააწესებს საბჭოს წევრის მიერ დასაცავ და გასათვალისწინებელ ეთიკის კოდექსის ნორმებს.

ასევე, შეხვედრაზე განიხილება რეკომენდაცია, რომელსაც საბჭო ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს.

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ინსტიტუციებმა მათ შორის გენდერულმა საბჭომ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა შევქმნათ პრევენციის პლაცდარმი.

ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს პრევენციის მექანიზმი და მეტი დაცვის ქმედითი ბერკეტი, რომ მომავალში არ დავდგეთ მსგავსი შედეგების წინაშე, რაც ნანა კოსტავას შემთხვევაში მოხდა," - აღნიშნულია ირაკლი შენგელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.

კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს.

Print