ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეიძლება დეპუტატის საკრებულოდან გაწვევა
FaceBook

საკრებულოს შემადგენლობას წარმომადგენლობითი ორგანოდან დეპუტატის გაწვევის უფლება, გარდა რამდენიმე გარემოებისა,  არ აქვს.


დეპუტატის თავისუფალ მანდატს  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან“ ერთად საკრებულოს რეგლამენტიც იცავს.


კოდექსის მე-40 მუხლის მესამე პუნქტში ვკითხულობთ: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია“.


43-ე მუხლი კი იმ გარემოებებს განმარტვას, რა შემთხვევაშიც  საკრებულოს შემადგენლობას დეპუტატის გაწვევის უფლება აქვს.


ესენია:

პირადი განცხადება მანდატის მოხსნის შესახებ, დეპუტატის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;   სასამართლოს მიერ დეპუტატის  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან  გარდაცვლილად გამოცხადება;  საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; არასაპატიო მიზეზით  6 თვის განმავლობაში საკრებულოში არგამოცხადება; საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება;  გარდაცვალება.


ნებისმიერ სხვა შემთხვევაში დეპუტატი ხელშეუხებელია.

არც ერთი ეს გარემოება არ ემთხვევა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას შემთხვევას, რომლის საკრებულოდან გაწვევასაც საზოგადოება ითხოვს. შესაბამისად, სამოქლაქო აქტივისტების მოთხოვნა, რომ შეუწყდეს ნანა კოსტავას უფლებამოსილება, მხოლოდ  იმაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად დეპუტატი.


დეპუტატის საკრებულოდან გაწვევის საფუძველი არც პეტიცია შეიძლება გახდეს, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტის  120-ე მუხლი  განმარტავს, რომ პეტიციის სახით შესაძლებელია მხოლოდ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა ან დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემების საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.


საზოგადოება ახლა ნანა კოსტავას გადაწყვეტილებას ელოდება. ბერკეტების არქონის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პროტეტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე კოსტავა სიძულვილის შემცველი პოსტის გამოქვეყნების გამო პასუხიმგებლობას არ აიღებს.



ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

დეპუტატის ამ  პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება.  მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო. თუმცა, სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და მან დეპუტატის მანდატი უნდა დათმოს.


ნანა კოსტავამ თავდაპირველად თქვა, რომ საკრებულოდან წასვლა გადაწყვიტა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ამომრჩეველთა თხოვნით წასვლა გადაიფიქრა. იგი არც სამსახურში დადის და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

Print