ახალი ამბები
"ეს ლაქა უნდა ჩამოირეცხოს ქალაქმა" - ქუთაისელი ახალგაზრდები საკრებულოს დეპუტატების წინააღმდეგ
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაცია ნანა კოსტავასთან ერთად, საკრებულოდან უმრავლესობის კიდევ ერთი  დეპუტატის წასვლას ითხოვს.


პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი ალეკო ახალაძემაც უნდა თქვას,  რადგან იგი მხარს უჭერს  ნანა კოსტავას.

"კოსტავასთან ერთად საკრებულოდან უნდა წავიდეს ალეკო ახლაძეც, რადგან მხარს უჭერს იმ ნანა კოსტავას, რომელიც სიძულვილის  ენით ელაპარაკება საზოგადოებას. ორივემ უნდა დატოვოს მანდატი და ეს ლაქა უნდა ჩამოვრეცხოთ ქალაქს", - აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის " ახალგზარდული ორგანიზაციის წევრები. 

მათი თქმით, თუ დეპუტატები საკრებულოდან არ წავლენ,  პერმამენტულ აქციებს გამართავენ.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

დეპუტატის პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.

კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს.

 

ნანა კოსტავამ საზოგადოების პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ მანდატს დატოვებდა, თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ ამომრჩეველთა თხოვნით საკრებულოდან წასვლა გადაიფიქრა.

Print