ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის შესახებ მსჯელობენ
FaceBook
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს ხვდებიან. ისინი ნანა კოსტავას საკრებულოდან დაუყოვნებლივ წასვლას მოითხოვენ.

"თუ ერთ დღეში ნანა კოსტავა არ დატოვებს საკრებულოს, მაშინ თქვენ გამოუცხადეთ ბოიკოტი და მოუწოდეთ მას საკრებულოდან წავიდეს. თუ არადა ჩავთვლით, რომ მხარს უჭერთ მას", - განაცხადა შეხვედრაზე  სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთმა წევრმა გიზო ბანძელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია ამბობს, რომ ბოლო კომუნიკაციის დროს მან ურჩია კოსტავას საკრებულოდან წასულიყო, მის მერე კი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. "ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ მას საკრებულოდან წავიდეს, რადგან ამის იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს", - ამბობს ნიკა ლატარია.

ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა. კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საკრებულოსთვის წერილობით 3 ივნისს უნდა მიემართა, თუმცა, იგი არც სამსახურში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

ტელეკომპანია "იმედს" კი განუცხადა, რომ ამომრჩევლების თხოვნით საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. გუშინვე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ თუ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, ის თავად გავა ფრაქცია "ქართული ოცნება -კოსერვატორებიდან", რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის. ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.

დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამაოქვეყნა, სადაც  მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

ვიდეოშარჟი, რომელიც 2018 წელს არის გადაღებული, სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

Print