ახალი ამბები
"დააჩქარე გადაწყვეტილების მიღება "- აქციის მონაწილეები ნანა კოსტავას
FaceBook

ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა.


სამოქალაქო აქტივისტები კოსტავას ორაზროვან განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა  ჯერ თქვა, რომ  საკრებულოდან მიდის, შემდეგ კი განაცხადა, რომ ფიქრის რეჟიმშია. 

აქციის მონაწილეებმა დეპუტატს მოუწოდეს მოკლე ვადებში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. 

"მოვუწოდებთ ნანა კოსტავას, დიდხანს აღარ იფიქროს და დააჩქაროს  გადაწყვეტილების მიღება "-აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

საკრებულოს დეპუტატი  მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამო უკვე გადააყენეს  ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტიდან.  მას ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო. 

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში  ჟურნალისტ სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". ვიდეოში  ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.  სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა.  საზოგადოებამ  მიიჩნია, რომ დეპუტატმა  ამ  პოსტით  ჟურნალისტს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნიშნის მოგებით უპასუხა.

 

Print