ახალი ამბები
ნანა კოსტავა საკრებულოს მანდატს ტოვებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნანა კოსტავა, რომელმაც ჟურნალისტ სალომე ბარკერის მიმართ სიძულვილის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, მანდატს ტოვებს. 

კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან "ქრონიკას" ექსკლუზიურად განუცხადა. 

ნანა კოსტავას ქუთაისიპოსტიც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთნა საუბარი არ ისურვა და მიზეზად დაასახელა, რომ ჩვენმა მედიაორგანიზაციამ მას "ბევრი, დაუმსახურებელი ტალახი ესროლა", გულწრფელი ბოდიშის შემდეგ. 

დეპუტატის  თქმით, არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.

როგორც კოსტავა იმედთან საუბარში ამბობს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით პირჯავრს იწერს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.  დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.

ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.




Print