ახალი ამბები
კახა კალაძე: ნანა კოსტავას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა
FaceBook

თბილისის მერი კახა კალაძის  ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველ პოსტს ეხმაურება.


კალაძის თქმით,  კოსტავას განცხადებები მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას უცილებლად მოუწევს მოდიშის მოხდა.

„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ  ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებაზე საუბრისას.


ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით პირჯავრს იწერს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.  დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.

ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

Print