ახალი ამბები
ნანა კოსტავას გენდერული საბჭოც დაატოვებინეს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ნანა კოსტავას, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გაშვების შემდეგ, გენდერული საბჭოც დაატოვებინეს.


საბჭოს სხდომა დღეს საგანგებოდ ამ მიზნით შეიკრიბა.

ნანა კოსტავა ჯერ ისევ რჩება ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " წევრად, რაც მიუღებლად მიაჩნია ოპოზიციას.


"ნაციონალური მოძრაობა " თვლის, რომ კოსტავამ საკრებულოც უნდა დატოვოს. "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატებმა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით საკრებულოს წერილობით უკვე მიმართეს. მერიის შენობის წინ კი "ნაციონალური მოძრაობის " ახალგზარდული მოძრაობის წევრებმა იგივე მოთხოვნით აქცია გამართეს.



ნანა კოსტავას დეპუტატის მანდატზე უარის თქმა შესთავაზა საკრებულოს თავმჯდომარემაც. ნიკა ლატარია ამბობს, რომ  არ აპირებს მასთან ერთად იმუშაოს. თუმცა, როგორ უზრუნველყოფს ამას, თუ კოსტავამ წასვლაზე უარი თქვა, ლატარიას პასუხი არ აქვს.

ნანა კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი დღეს დილით დაატოვებინეს.

კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის,
ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე".  ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო,  ეს ვიდეო კი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.

 

 

Print