ახალი ამბები
"ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი" - პროტესტი ქუთაისში
FaceBook

"არა სიძულვილის ენას", "ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი "- ამ სლოგანებით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას მიერ ფეისბუქის გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტის გაზიარება დაგმეს და ქუთაისის საკრებულოს მისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, დეპუტატი, რომელიც მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს, საკრებულოში არ უნდა იყოს. 

დღესვე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " წევრებმა,  ქუთაისის საკრებულოს,  რიგგარეშე სხდომის მოწვევის და ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით წერილობით მიმართეს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს პოსტი დღეს დაატოვებინეს.

ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის,ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე".ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო,  ეს ვიდეო კი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.  დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.

 

Print