ახალი ამბები
"ის გაუშვეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან და არა გუნდიდან "- ენმ ნანა კოსტავას იმპიჩმენტს ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა " ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს.

ფრაქციის წევრებმა დღეს ქუთაისის მერიაში შესაბამისი განცხადება დაარეგისტრირეს.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ის ფაქტი, რომ ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, საკმარისი არ არის, რადგან იგი კვლავ რჩება გუნდის წევრად. "კოსტავა კვლავ რჩება ამ ფრაქციის წევრად და შესაბამისად, გუნდის წევრადაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეს პროტესტი გადაივლის, მას ისევ დააბრუნებენ ამ პოზიციაზე, რათა ხელფასი არ დაკარგოს" - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორების " თავმჯდომარეობიდან დღეს გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის,
ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე".  ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო,  ეს ვიდეო კი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.   დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით,  დღეს,  ქუთაისის მერიის შენობაში ბრიფინგს გამართავს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.



Print