ახალი ამბები
ნანა კოსტავასთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად ოპოზიცია რიგგარეშე სხდომას ითხოვს
FaceBook
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია რიგგარეშე სხომის მოწვევას ითხოვს.
შუშანია ქუთაისის მერიის შენობაში 12:20 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

"ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ კოსტავას მხრიდან მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვება საკმარისი არ არის. მათი თქმით, კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს პოსტი დაატოვებინეს.

ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის,
ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე".  ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო,  ეს ვიდეო კი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.   დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით,  დღეს,  ქუთაისის მერიის შენობაში ბრიფინგს გამართავს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.



Print