ახალი ამბები
ნიკა ლატარია არ გამორიცხავს კოსტავა საკრებულოდან გაუშვან
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს საკრებულო დატოვოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, მის მიერ დაწერილი პოსტის გამო.

ნიკა ლატარიას თქმით, გუნდში უკვე დაწყებულია მსჯელობა ამ საკითხზე და საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს საათებში, დღეებში მიიღებს.

"ვფიქრობთ და ალბათ დადგება ეს საკითხიც. ჩვენ ვემიჯნებით ამ განცხადებას და იმასაც ვიტყვი, რომ თავად ნანა კოსტავაც ძალიან წუხს მომხდარზე", - ამბობს ნიკა ლატარია. 

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს  კონსერვატიული ფრაქციის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" გუნდის წევრი გახლავთ. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.

დეპუტატის საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს,  აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

Print