ახალი ამბები
სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი გაამართლა
FaceBook

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი გაამართლა.


მხარეებმა დღეს რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ  განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის თქმით,  კვირიკაშვილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

პროკურორმა, ვალერი კუჭუხიძემ პროცესზე კიდევ ერთხელ დააყენა ეჭქვეშ  საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, კახი ნემსაძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მან დაინახა ღია ფერის ავტომანქანა, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილს დაბრკოლება შეუქმნა და მანევრის გაკეთება აიძულა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. პროკურორის თქმით, ნემსაძემ  ამის შესახებ მხოლოდ მეორე  ჩვენების დროს ისაუბრა.  მისივე თქმით, გარდა იმისა რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ნემსაძის მიერ დასახელებული ავტომანქანის არსებობა, იგი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში არათანმიმდევრული იყო.

პროკურორმა დღეს, ასევე, ისაუბრა არაკვალიფიციურად ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა გამოძიების ობიექტურად ჩატარებას.

დაცვის მხარის მტკიცებით, კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა, რასაც ადასტურებს მისი და მოწინააღმდეგე მხარეს მოძრავი ავტომანქანის შეჯახების შემდგომი მდგომარეობა. ადვოკატმა, ნუგზარ  კვინიკაძემ პროცესზე  თქვა, რომ კვირიკაშვილის ავტომანქანის მასა ბევრად აჭარბებდა დაზარალებულის ავტომანქანის წონას, თუმცა, ამის მიუხედავად შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანა ერთ ადგილზე გაჩერდა, რაც ადასტურებს იმას, რომ მერაბ კვირიკაშვილი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა. სხვა შემთხვევაში კვირიკაშვილის  ავტომანქანა შეჯახების ადგილს გასცდებოდა და დაზარალებულის მანქანასაც თან წაიყოლებდა. 

საქმის პროკურორს ვალერი კუჭუხიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, პროკურატურა, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარეს ამისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.


მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

წყალტუბო- ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ -ერთ ავტომობილს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

 

Print