ახალი ამბები
გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე - "პასუხისმგებლობა გააჩნია "საქნახშირს"
FaceBook

საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე მიწის ჩამოშლით გამოწვეულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


დეპარტამენტში  აცხადებენ, რომ "საქნახშირიდან"   ტყიბულის კარიერთან დაკავშიერებით ინფორმაცია ნამდვილად მიიღეს, თუმცა განცხადებით მოთხოვნილი რეაგირება  გარემოსდაცვითი ზედამხედველობას  არ ეხება, რადგან  კარიერზე ლიცენზიის პირობების დაცვის ვალდებულება თავად „საქნახშირს" გააჩნია.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის მარტში შპს "საქნახშირსგან" მიიღო ინფორმაცია კარიერზე ყოფილი ქვეკონტრაქტორების მიერ მოპოვებითი სამუშაოების ფარულად განხორციელების შესახებ და ითხოვა აღნიშნულის გამოვლენა-აღკვეთა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განხორციელდა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მათ განემარტათ, რომ სახელმწიფოს წინაშე ლიცენზიის პირობების დაცვაზე, მათ შორის კარიერის ექსპლუატაციის წესების და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობა გააჩნია შპს „საქნახშირს“, შესაბამისად, კომპანიაა ვალდებულია უზრუნველყოს ზემოაღნიშნული. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ნებისმიერი სხვა პირის მიერ, კომპანიის ნების საწინააღმდეგოდ, შახტებში ფარულად თუ ძალით შეღწევის ფაქტს, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდამცავ სტრუქტურებს," - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

55 წლის ნუგზარ ხვადაგიანი  ე.წ. სტალინის უბანში ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე  ჩამოშლილმა მიწის მასამ 27 მაისს იმსხვერპლა. 

კარიერზე, სადაც ტრაგედია მოხდა ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2018 წლიდან ოფიციალურად შეჩერებულია. 

ამ ფაქტზე "საქნახშირმა" განაცხადა, რომ დახურულ კარიერებზე წიაღისეულის ფარულად მოპოვების შემთხვევების აღკვეთის მიზნით  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა მათ მიმართვას რეაგირება არ მოყოლია. 

ტყიბულის კარიერზე მეშახტის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



Print