ახალი ამბები
"ამდენი ტაში მოსაწყენია "- საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობას
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ცალკეული დეპუტატების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს,  უმრავლესობის დეპუტატების აპლოდისმენტები მოყვა.
საკრებულოს ოპოზიციამ დეპუტატებს ეს ჟესტი დაუწუნა და მუშაობაში დაშვებული ხარვეზები შეახსენა.

"მოსაწყენია ამდენი ტაში. ეს არის ძველი გადმონაშთი. მე ვისურვებდი, რომ ამას ჰქონოდა უბრალოდ მადლობის სახე და უფრო მეტად გვეზრუნა ხარვეზების აღმოფხვრაზე", - განაცხადა საკრებულოში "ევროპული საქართველოს " დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა.

დეპუტატმა ერთ-ერთ მაგალითად საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი  დაასახელა, რაც მისი თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს. 

მეშველიანის ამ კომენტარს უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება მოყვა. მაია სიმონიძემ განაცხადა, რომ ეს იყო მათი დადებითი დამოკიდებულების დაფიქსირება იმ ადამიანების მიმართ, ვინც სამუშაოს ასრულებს და ოპოზიციას არ აქვს უფლება ვინმეს კმაყოფილების გამოხატვა აუკრძალოს.

საკრებულოს სხდომაზე დღეს მუშაობის ანგარიში ზედამხედველობის სამსახურმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ წარადგინა.
Print