ახალი ამბები
ქუთაისში სარაგბო კლუბ "აიას " მოთამაშის დაკავებას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისის სარაგბო კლუბ "აიას" მორაგბის, გიორგი კვირიკაშვილის ახლობლები,  მის დაკავებას აპროტესტებენ. "არა უკანონო მართლმსაჯულებას"; "ცილისმწამებლები ციხეში"- ამ სლოგანებით ისინი პროკურატურასთან შეიკრიბნენ და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს.

სპორტსმენის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გიორგი, რომელსაც პროკურატურა ქუთაისელი ადვოკატის, ოლიკო კვინიკაძის მეუღლის წინასწარ დაგეგმილ ცემას ედავება, სინამდვილეში კონფლიქტში გამშველებლის როლში იყო და მას მომხდარში ბრალი არ მიუძღვის.

"გიორგი შემთხვევით შეესწრო უბანში ორ პირს შორის კონფლიქტს და სცადა მათი გაშველება. მას არავინ  უცემია. მოვითხოვთ, გაათავისუფლონ გიორგი  და დააკავონ რეალური დამნაშავე", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილის ძმა, დათო კვირიკაშვილი.

მორაგბის ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი სისტემის მძევალია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"გიორგი, რომელიც სრულიად შემთხვევით შეესწრო ამ კონფლიქტს, არის სისტემის მძევალი. მას არ უცემია ადვოკატის მეუღლე, პირიქით, გამშველებლის მიზნით ჩაერთო ამ კონფლიქტში. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს გიორგი კვირიკაშვილი და დააკავონ ის პირი, ვინც ამ კონფლიქტის რეალური მონაწილეა", - განაცხადა კვირიკაშვილის ადვოკატმა,  ციცინო ბაბუნაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პროკურატურამ 20 მაისს დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 234-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ქუთაისელი ადვოკატი ოლიკო კვინიკაძე ამბობს, რომ ორი პირი მის მეუღლეს თავს მაშინ დაესხა, როცა მეუღლეს მანქანაში ეძინა.


Print