ახალი ამბები
ჭიათურელ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეებიც შეურთდნენ
FaceBook
ჭიათურის სკოლის მოსწავლეები გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ და მერიის წინ აქციას მართავენ.

"ჩემი ნათესავი არ შიმშილობს, მაგრამ ვთვლი, რომ აქ ახლა დიდი და პატარა უნდა ვიდგეთ. არ დავიშლებით მანან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს  ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, ნინო გრძელიძე. 

სკოლის მოსწავლეების აქციაზე რამოდენიმე მშობელი და პედაგოგიც იმყოფება. 


ჭიათურა დილიდან პარალიზებულია. გაფიცულ მაღაროელებს საბავშვო ბაღების,  სკოლების პედაგოგები და ბანკები შეურთდნენ.


"დილიდან ჭიათურაში არაფერი მუშაობს. არც სკოლა, საბავშვო  ბაღი და ბანკები. ვაჩვენებთ, რა ძალა გვქონია მაღაროელებს", – ამბობს ერთი–ერთი გაფიცული.

ჭიათურელ მაღაროლებს  14  დღეა შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა. 15 მაღაროელი შიმშილობს, სამმა კი პირი ამოიკერა. გაფიფულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.

Print