ახალი ამბები
ჭიათურაში გაფიცულ მუშებს ქუთაისში სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ისინი თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მთავრობას მუშათა კლასის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს. 

"შრომითი უფლებების დაცვა უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტი. სამწუხაროდ, ჭიათურა კარგი მაგალითია იმისა, თუ რა პირობებში უწევთ მშრომელ ადამიანებს საქმიანობა და რამდენად მიზერულია მათი ანაზღაურება. მე ვთვლი, რომ ჭიათურა არის ერთი მაგალითი, მსგავსი სიტუაციაა ქვეყნის სხვა ქალქებში და საწარმოებში", - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. 


ჭიათურელ მაღაროლებს მე-10 დღეა, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა. 15 მათგანი შიმშილობს, სამმა კი პირი ამოიკერა. გაფიფულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.
Print