ახალი ამბები
ბოლო გაფრთხილება "ჯორნიან მანგანეზს" - რისთვის ემზადებიან გაფიცული მაღაროელები
FaceBook
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები კომპანია "ჯორნიან მანგანეზს"  ბოლო გაფრთხილებას აძლევენ და დროს უწესებენ. 

მაღაროელების თქმით, მათ წინადადებაზე კომპანიისგან პასუხს დღეს 20:00 საათამდე ელოდებიან. 

" მივეცით დრო საღამომდე, რათა განიხილონ ჩვენი წინადადება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას - პირის ამოკერვას მივმართავთ", - აცხადება ერთი დასაქმებული გივი შერგოლეიშვილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიატორის როლს ქალაქის ახლადარჩეული მერი, გივი მოდებაძე ასრულებს. გაფიცული მაღაროელების თქმით, სწორედ ქალაქის მერი აცნობებთ, მიიღო თუ არა კომპანიამ მათი წინადადება.

"ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 30 პროცენტის ახლავე მომატება, ხოლო წლის ბოლომდე დანარჩენი 20 პროცენტის მატება", - აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურის ახლადარჩეული მერი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ის კომპანიისგან პასუხს ელოდება,  რის შემდეგადაც განცხადებას გააკეთებს. 

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ.

კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.

 

Print