ახალი ამბები
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების ამოღების უფლება გაიცა
FaceBook

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის მიზნით წითელ ნუსხაში შეტანილი 109  ხის ბუნებრივი გარემოდან ამოღების  უფლება გაიცა.


საუბარია მუხნარის ტყეში არსებულ წითელ წიგნში შეტანილ 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“,  რომლის გარემოდან ამოღების უფლება ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანია "ატუს" მთავრობის განკარგულებით გადაეცა. 






საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისით დათარიღებულ  განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, ნათქვამია, რომ  კომპანია "ატუ"-მ   განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართზე უნდა დაასაწყობოს. 

ხოლო "წითელ ნისხაში"  შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განახორციელოს.  




რა მიზნით უნდა ამოიღონ "წითელ ნუსხაში" შეტანილი ხეები -ტერიტორიიდან -  ამ კითხვით "ქუთაისიპოსტი" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარ ინჟინერს მახო ცაგარელს დაუკავშირა, თუმცა როგორც მან განაცხადა კომენტარს საღამოს გააკეთებს.

ამჟამად, ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის  პირველი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსაა დაანონსებული.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. 

პროექტის დასრულების ვადები ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი.

Print