ახალი ამბები
შიმშილობა გრძელდება - ჭიათურა არჩევანის ზღვარზე
FaceBook
ჭიათურის შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გაფიცულ თანამშრომლებთან ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეესკოს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
გაფიცული მაღაროელების თქმით, ჯერჯერობით, მხოლოდ დაპირებები ესმით და ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია.

"თვითონაც არ იციან რას ლაპარაკობენ, არეულები არიან. პროტესტი და შიმშილობა გრძელდება. ხვალ არჩევნებია და არავის ხელს არ შევუშლით. 15 მოშიმშილის გარდა ყველა წავა არჩევნებზე, დააფიქსირებენ თავიანთ საღ აზრს და ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილს", - ამბობს გაფიცული მაღაროელი, რომან კუპატაძე. 

დავით სერგეენკომ "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს მოუწოდა დღესვე დაიწყონ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. 

ჭიათურაში უკვე მესამე დღეა 200-მდე მაღაროელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამუშოს არ უბრუნდება. 15-მა მათგანმა შიმშილობა 17 მაისს დაიწყო. მაღაროელების თქმით, შიმშილობას მანამდე გააგრძელენ, ვიდრე  მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

"ვიბრძოლებთ მიზანდასახულად, რომ მივაღწიოთ ჩვენს შედეგს. გადავკეტეთ გზა მხოლოდ კომპანიის სატვირთო მანქანებისთვის, გადადგილების საშუალება რომ არ მიგვეცა, რაღაც ხრიკებით ახერხებენ გადაადგილებას, მაგრამ მაინც აღმოვფხვრით", - ამბობს რომან კუპატაძე.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.



ამავე თემაზე:


ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ შეთანხმდნენ

კალაძე გაფიცულ მაღაროელებს: ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება

ჭიათურის მაღარომ წარმოება შეაჩერა

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

შიმშილობის მეორე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

Print