ახალი ამბები
ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა
FaceBook
ჭიათურის შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატმა საწარმოო პროცესი შეაჩერა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მაღაროელია გაფიცული, რომლებთანაც შეთანხმებას კომპანიამ ვერ მიაღწია, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.

დასაქმებულებსა  და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება თითქმის ორი საათი მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. მუშებმა აქცია განაახლეს და ისევ ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ხელფასის მაქსიმიმუმ 15 პროცენტიანი ზრდა შეუძლია, თუმცა ამ შეთავაზებაზე დასაქმებულებმა უარი განაცხადეს. ჩიქოვანმა მათ დრო ოთხშაბათამდე სთხოვა, რათა მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, თუმცა მაღაროელებმა ამ თხოვნაზეც უარი განაცხადეს და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 17 მაისს გაფიცულ მუშებთან ჩავიდა "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კალაძემ მაღაროელებს დაჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება დღესვე დაიწყება. თუმცა სამ საათზე დანიშნული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.




ამავე თემაზე:

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ შეთანხმდნენ

კალაძე გაფიცულ მაღაროელებს: ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება

Print