ახალი ამბები
"ტორპედოს" გულშემატკივრები ზაალ ჩაჩავას კლუბიდან წასვლას ითხოვენ
FaceBook
"ტორპედოს" გულშემატკივრები კლუბიდან პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წასვლას მოითხოვენ. მათი თქმით, ჩაჩავა გუნდს ვერ უვლის და არ იმსახურებს კლუბში ყოფნას.

კლუბის პრეზიდენტის წასვლის მოთხოვნით, გულშემატკივრებმა  ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია შეხვდა. მისი თქმით, თუ "ტორპედო"  ინვესტორის გარეშე დარჩება, კლუბი არ დაიშლება და მასზე ქალაქი იზრუნებს.



ზაალ ჩაჩავამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს, რადგან მათ  არ დააფასეს ის პირობები, რაც მან კლუბში შექმნა.

„თვენახევარი ხელფასი არ აუღიათ და რა მოხდა ასეთი? მსგავსი პრობლემები მსოფლიო დონის კლუბებში არსებობს.  რა თქმა უნდა, პირადი წყენა მექნება იმ ფეხბურთელზეც და იმ მწვთრნელზეც, ვინც ამას ვერ ხედავს. 10, 12, 15 ათასი ლარი აქვთ ხელფასი. ყველაზე მინიმალური ანაზღაურება 5000 ლარია, როცა ზოგ გუნდში ეს ყველაზე მაღალ ხელფასად ითვლება. გუნდში რომ მოვედით, საჭმელი არ ჰქონდათ, სასმელი, ჩასაცმელი, მწვრთნელი გაქცეული იყო. ეს ჩემი პირადი გაბრაზებაც არის. ეს არის დაუნახაობა.  მე არ ვაპირებ გუნდის დაშლას, მაგრამ ისეთი ფუფუნება აღარ იქნება,  როგორიც იყო“, - განაცხადა ზაალ ჩაჩავამ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც,  შესაძლოა,  უარი თქვას კლუბის ინვესტირებაზე.


მან  კლუბში შექმნილი პრობლემები  ჩინური კომპანიის მიერ  კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“  დაფინანსებაზე უარი განაცხადა.


ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა. 2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად შვიდი თვის დანიშნული იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ კიდევ მერიის საკუთრებაში იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის ჩადების პირობით მოვიდა, თუმცა,  ქუთაისის მაშინდელ ხელისუფლებასთან  შეთანხმება ვერ მოახერხა.

ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე ოფიციალურად გახდა.   

სამი წლის შემდეგ ქუთაისური კლუბი,  შესაძლოა,  კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩეს.

 

Print