ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის შახტზე დადებულ დასკვნას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტი სამინისტროს მხრიდან დამუშავების პროცესშია და თუ როდის გამოქვეყნდება, ჯერ უცნობია. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დასკვნის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. ისინი ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესის გასაჯაროებასა და ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია შეირჩა, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა. პროფკავშირების თქმით, 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო.

"საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნით, მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი, რა წერია დასკვნაში და არც ის, როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები. მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის, რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც", - აცხადებენ პროფკავშირში.

ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით "საქნახშირში" კომენტარს არ აკეთებენ.

შახტში სამუშაოები 11 თვის წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც გასული წლის ივლისში შახტში უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ იქნა ჩამოყვნილი გერმანელი ექსპრტები, რომლებსაც შახტის უსაფრთხოებაზე დასკვნა უნდა დაედოთ.


Print