ახალი ამბები
რას გვასწავლის ისტორია? - ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“  გაიმართა.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, სხვადასხვა არქივში დაცული და მოძიებული დოკუმეენტები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ,  საარჩევნო სიები, ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ასევე გამოფენილი იყო მასალები პერსონალიებზე -  დამფუძნებელ მამებსა და თვითმმართველობების ლიდერებზე.



გამოფენის შემდეგ ლექცია გაიმართა, სადაც  ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ  ისაუბრეს იმ რეფორმებსა და პროექტებზე რისი განხორციელებაც  ორ წელიწადნახევარში შეძლო პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ.



როგორც შეხვედრაზე ითქვა, შთამბეჭდავი რაოდენობის სამუშაო განხორციელდა ძალიან მოკლე დროში - დაფუძნდა 30 -ზე მეტი თვითმმართველი ქალაქი, სადაც უმოკლე ვადებში მოხერხდა რეფორმების დაწყება და განხორციელება. გაიხსნა ასობით სკოლა, კონკრეტულ ქალაქებში დაიწყო რკინიგზის სისტემების, ტრამვაისა და  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, გაიხსნა საავადმყოფოები. ქალაქებს გააჩნდათ რეალური თვითმმართველობის შესაძლებლობა, გამოეყოფოdათ გაცილებით მეტი თანხა ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს დღეს ხდება. 

ლექციაზე ისაუბრეს კონკრეტული მაზრების მაგალითებზე, როდესაც რამოდენიმე მაზრა ერთად და კოორდინირებულად მუშაობდა საჭირო თუ მნიშვნელოვანი  პროექტის განსახორციელებლად.

„ეს არის ისტორიები, რომლის მსგავსი გამოწვევები დღესაც გვაქვს.  ეს არის მაგალითი  იმისა, უმოკლეს დროში, ფინანსური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, როგორ შეიქმნა მძლავრი  თვითმმართველობები. თვითმმართველობები, რომლებიც დააფუძნებენ ახალ სკოლებს, შექმნიან არაფორმალური განათლების გარკვეულ ფორმებს, გზებს გაიყვანენ, ქარხნებს შექმნიან. ანუ ყველაფერი  ეს შესაძლებელია, თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება, თავი  მოეყრება სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს გარკვეული მიზნის გარშემო“, - აღნიშნა  ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ. 

შეხვედრა ფილმის ჩვენებით დასრულდა. დოკუმენტური ფილმში „ინიციატივა არ ისჯება“  XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ უნიკალური ისტორიებია გადმოცემული. ფილმი ავტორმა ანა მარგველაშვილმა წარადგინა.



ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ)   დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia, ხოლო რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
Print