ახალი ამბები
"ტორპედოს" მფლობელი საგანგებო განცხადებას აკეთებს
FaceBook

საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მფლობელი ზაალ ჩაჩავა კლუბში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.


მისი თქმით,  იგი ასეთ ვითარებაში  კლუბიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა, გუნდის რეორგანიზაციას აანონსებს.

 

 


"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

 


რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.

 

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, "ტორპედოს" ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია“,-აცხადებს ჩაჩავა.

 


ჩაჩავა იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც კლუბმა ფეხბურთელებისთვის სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა და აქვე არ გამორიცხავს, რომ კლუბის დატოვება შესაძლოა მაინც მოუწიოს.

 


„პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი. ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ",-ამბობს კლუბის მეპატრონე.

 

ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც,  შესაძლოა,  უარი თქვას კლუბის ინვესტირებაზე.


მან  კლუბში შექმნილი პრობლემები  ჩინური კომპანიის მიერ  კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“  დაფინანსებაზე უარი განაცხადა.


ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა. 2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად შვიდი თვის დანიშნული იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ კიდევ მერიის საკუთრებაში იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის ჩადების პირობით მოვიდა, თუმცა,  ქუთაისის მაშინდელ ხელისუფლებასთან  შეთანხმება ვერ მოახერხა.

ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე ოფიციალურად გახდა.   

სამი წლის შემდეგ ქუთაისური კლუბი,  შესაძლოა,  კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩეს.

და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ,-აცხადებს ზაალ ჩაჩავა.

 

Print