ახალი ამბები
„ტორპედოში“ არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, კლუბის მეპატრონეს ქუთაისის მერი შეხვდება
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებზე სასაუბროდ,  ქუთაისის მერი მოადგილესთან ერთად,  კლუბის მეპატრონეს, ზაალ ჩაჩავას შეხვდება.


ინფრომაციას ქუთაისის მერიაში ადასტურებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება ფეხბურთელების წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებას და ჩაჩავას მიერ კლუბიდან შესაძლო წასვლას.


ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც,  შესაძლოა,  უარი თქვას კლუბის ინვესტირებაზე.


ჩაჩავამ კლუბში შექმნილი პრობლემები  ჩინური კომპანიის მიერ  კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“  დაფინანსებაზე უარი განაცხადა.


"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ უარი გვითხრა  დაფინანსებაზე.  თუ ვერ  მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მერიას",-განაცხადა ჩაჩავამ.

იგი უკვე შეხვდა ფეხბურთელებს და მათ დავალიანების მიმდინარე თვის ბოლმდე დაფარვას დაპირდა, თუმცა, საბოლოდ დატოვებს თუ არა  გუნდს და რა ბედი ეწევა ინვესტორის გარეშე დარჩენის შემთხვევაში ქუთაისის საფეხბურთო კლუბს, ჯერჯერობით უცნობია.


ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა. 2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად შვიდი თვის დანიშნული იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ კიდევ მერიის საკუთრებაში იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის ჩადების პირობით მოვიდა, თუმცა,  ქუთაისის მაშინდელ ხელისუფლებასთან  შეთანხმება ვერ მოახერხა.

ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე ოფიციალურად გახდა.   

სამი წლის შემდეგ კი ქუთაისური კლუბი,  შესაძლოა,  კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩეს.

Print