ახალი ამბები
ჭოგნარის მოსახლეობამ საგზაო დეპარტამენტის შენობაში შეჭრა სცადა
FaceBook
თერჯოლის  რაიონის სოფეელ ჭოგნარის მცხოვრებლებმა, რომლებიც დილიდან ნაგავსაყრელის მშენებლობას  აპროტესტებდნენ, ქუთაისში,  საგზაო დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

შენობაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოფისია განთავსებული. სწორედ მათგან ითხოვდნენ განმარტებებს აქციის მონაწილეები. მათ  შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა  ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტს  მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელისუფლებისგან არ მიიღებენ გარანტიას, რომ ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე ნაგავსაყრელი არ აშენდება.


თერჯოლის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობზე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წელსაა  დაგეგმილი.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და ის მოსახლეობას ზიანს არ მიაყენებს.


ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი სოფელთან ძალიან ახლოს შენდება, რაც წყაროების, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევს.


ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც იმერეთთან ერთად, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება, 2020 წელს უნდა დასრულდეს.


სოფელ ჭოგნარში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურა.




Print