ახალი ამბები
„მერიამ ჩვენი დასჯა გადაწყვიტა“ - კაფე „სავანეს“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართა
FaceBook

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  კაფე “სავანესა"  და ქუთაისის მერიას შორის დავაზე პროცესი გაიმართა.

სხდომაზე „სავანეს“ ადვოკატმა,  მერიის მიერ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო  გამოწერილი ჯარიმის ბათილად ცნობა მოითხოვა.


ნინო მეფარიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მერიამ  შეგნებულად დაარღვია „სავანეს“ მიერ გარევაჭრობის ნებართვაზე შეტანილ მოთხოვნაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ვადები, რათა კომპანიის დაჯარიმების საფუძველი ჰქონოდა. მისივე  თქმით, ამის მიუხედავად,  მერიამ „სავანე“ მაინც არასწორი მუხლით დააჯარიმა.


„ჩვენ მერიაში განცხადება შევიტანეთ 18 აპრილს. თუ მერია უარს გვეუბნებოდა, მაშინ პასუხი უნდა ეცნობებიათ 5 დღის ვადაში, რაც  ამ დრომდე არ მიგვიღია.  მერიამ ეს გააკეთა შეგნებულად, რადგან მასთან ვიმყოფებით სასამართლო დავაში და გადაწყვიტა ჩვენი დასჯა. გარდა ამისა, მერიამ დაგვაჯარიმა საზოგადოებრივი სივრცის თვითნებური შეზღუდვის გამო, მაშინ, როცა რეალურად კაფის გარეთ მაგიდებისა და სკამების განთავსება რეგულირდება როგორც გარევაჭრობა და ეს ვერ იქნება საზოგადოებისთვის ბარიერის შექმნა. შეზღუდვა იქნებოდა მაშინ, ჩვენ რომ საზოგადოებრივი  გასასვლელი ჩაგვეხერგა ტექნიკით ან რამე სხვა საგნებით“ , -  ამბობს ნინო მეფარიშვილი.


რატომ არ ჩაბარდა პასუხი „სავანეს“ მეპატრონეებს, ამაზე მერიას პასუხი არ აქვს. სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა, ზვიად წაქაძემ განაცხადა, რომ განცხადება გარევაჭრობის ნებართვის შესახებ მის სამსახურს არც კი დაწერია.


ქუთაისის მერიამ კაფე „სავანეს“ მეპატრონეები 30 აპრილს მას შემდეგ დააჯარიმა, რაც მათ მერიის წინ ე.წ. ბამბუკების აქციის ჩატარება დაანონსეს. საზოგადოებრივი სივრცის თვითნებური შეზღუდვის გამო გამოწერილი 2000 ლარიანი ჯარიმის პარალელურად, მერიამ კაფის მეპატრონეები კვების ობიექტის ფასადზე  საპროტესტო პლაკატების გაკვრის  გამო 1000 ლარით დააჯარიმა.

კაფე "სავანეს" მფლობელები ამბობენ, რომ მერია მათი ქონების წართმევას ცდილობს, რომელიც  1995 წელს შეისყიდეს. ახლა კი  მათგან იმ მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას მოითხოვენ, რაზეც კაფე დგას.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი "სავანესი" ვერასდროს იქნებოდა, რადგან ის სკვერის ნაწილია.



ამავე თემაზე:


საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!

"აქ მოვედით ბამბუკებით და არა გვირილებით "- კაფე "სავანეს " პროტესტი


კაფე, რომლის მეპატრონეები, მერიას ობიექტის წართმევაში ადანაშაულებენ, დაიკეტა

ქუთაისში კაფეს მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

Print