პოლიტიკა
„ჩვენი ანსამბლი მიწვეული არ ყოფილა“ - ბაღდათის კულტურის ააიპი გერმანიაში გამართულ ფესტივალზე
FaceBook

ბაღდათის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის“ ცენტრში არასწორს უწოდებენ  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანსამბლ „საირმეს“  წევრების ნაცვლად ბერლინში გამართულ  ფესტივალზე ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გაემგზავრნენ.

ააიპის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ფესტივალზე სახელწოდებით "მაიაკოვსკის ნაკვალევზე" კონკრეტულად ანსამბლს მიწვევა არც მიუღია. გარდა ამისა, „საირმე“  ამ ფესტივალზე გასულ წელს იმყოფებოდა.

„ეს ფესტივალი მეორე წელია რაც ტარდება. გასულ წელს იყვნენ ანსამბლის წევრები წასული, თუმცა, არც მაშინ მიუღიათ კონკრეტულად მათ ეს მოწვევა. ეს არის ჩვენი და გერმანული მხარის თანამშრომლობა.  რადგან ფესტივალს ქვია „მაიაკოვსკის ნაკვალევზე“ და ჩვენ წარმოვადგენთ იმ მხარეს, სადაც ის დაიბადა, მოწვევა მოვიდა მერიის სახელზე“, - ამბობს  ბაღდათის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების“ ცენტრის მოადგილე, სოსო კოტორეიშვილი.

მისი თქმით, ფესტივალზე ბაღდათიდან 9 კაციანი დელეგაცია გაემგზავრა.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ ბაღდათის მერიაში. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მერი, არჩილ გოგსაძე ბერლინიდან ჯერ არ დაბრუნებულა.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ანსამბლ „საირმეს“ ხელმძღვანელი, რაულ ოქროჭელიძე.

Print
თეგები: #საირმე