ახალი ამბები
პარლამენტის შენობის უკან „ხელოვნების პარკის“ მოწყობას ითხოვენ
FaceBook

არასამთავრობო  ორგანიზაცია „უბნის ხელოვნება“, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის უკან არსებულ აუთვისებელ ტერიტორიაზე „ხელოვნების პარკის“  მოწყობის ინიციატივით გამოდის.

პროექტის კურატორის, ხვიჩა დოღონაძის თქმით,  დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე, ქუთაისის კულტურული გამოცოცხლებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.


პროექტის მიხედვით, ადგილს დაცული ტერიტორიების სტატუსი უნდა მიენიჭოს, სადაც განთავსდება არტეფაქტები,  მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცეები, გალერეები, საგამოფენო პავილიონები, მუზეუმები,  საკონცერტო დარბაზი, კინოს სახლი  და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე.  ხვიჩა დოღონაძის თქმით, თუ ეს ყველაფერი გაკეთდება,  თავისთავად გაჩნდება კაფე-ბარები და  გასართობი ადგილები.

იდეის ავტორთა თქმით, ტერიტორიას უნდა ჰქონდეს საქართველოს რუკის ფორმა, რომელზეც გამოსახული იქნება ბროწეულის ხეები, როგორც ერთიანობის სიმბოლო.


შენობას ექნება ხუთი შესასვლელი კარი. თითოეულ მათგანზე  დატანილი იქნება სხვადასხვა რელიგიური სიმბოლოები რელიგიური ტოლერანტობის  ნიშნად. იდეის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კარიდან შენობის მთავარ ნაწილში შესასვლელი იქნება.

ხვიჩა დოღონაძის გათვლით, ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას  50 მილიონამდე   ლარი დასჭირდება.

„ეს იქნება დიდი კულტურული სივრცე, რომელიც ქუთაისს ამ დრომდე არ ეღირსა. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური. იმისთვის, რომ ეს გეგმები განხორიცლდეს, პირველ რიგში ამ ადგილს უნდა მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი, შემდეგ ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს „ხელოვნების პარკს“. ამის შემდეგ, შესაბამისი პროცედურების გავლით,  იქ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით სამი წელი დასჭირდება ამ სივრცეს მიხმარება, შემდეგ თვითონ გაიმართება წელში და შეინახავს თავის თავს“, - ამბობს ხვიჩა დოღონაძე.


არასამთავრობო ორგანიზაციამ   იდეა უკვე გააცნო ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს. პროექტი გაგზავნილია ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებში. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში.


პროექტის ავტორები ახლა რეაგირებას ელოდებიან.

 

 

Print