ახალი ამბები
დარღვეული გრაფიკი და უკონტროლო საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში მიკროავტობუსების უმრავლესობა GPS სისტემის გარეშე მუშაობს, რაც მათ მიერ გრაფიკის დარღვევის დაფიქსირებას შეუძლებელს ხდის.


მით უფრო, რომ მერიის თანამშრომლების მიერ ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი ადგილზე იშვიათად ხდება.


ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური უბანი, სადაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად შეცვლილი ინტერვალებით გადაადგილდებიან და ხშირად საღამოს გრაფიკსაც არღვევენ, ავანგარდია. ამ დასახლებაში საღამოს 9 საათის შემდეგ მხოლოდ ერთი რეისი  სრულდება, ისიც ნახევარსაათიანი ინტერვალით და ხშირად  მძღოლები ამ ვალდებულებასაც არ ასრულებენ.


#48 და #23-ის მიკროავტობუსის გადამზიდავი კომპანიები მერიამ გასულ წელს რამდენჯერმე დააჯარიმა, თუმცა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. მოქალაქეებს ავანგარდში გადაადგილება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული უბანია, ხშირად კერძო სამარშრუტო ტაქსით უწევთ.


მერიის ზედამხედველობის სამსახურში აღიარებენ, რომ მძღოლები  საღამოს გრაფიკს არღვევენ, თუმცა, როგორც ირკვევა მოქალაქის მიერ მერიაში შესული შეტყობინება დარღვევაზე რეაგირებისთვის საკმარისი არ არის, რადგან სწორედ იმ მიზეზით, რომ მიკროავტობუსების უმრავლესობას GPS სისტემა არ აქვს, ფაქტის დაფიქსირება ვერ ხდება.


ზედამხედველობის სამსახურის სანებართვო პირობების დაცვის განყოფილების უფროსი, გიორგი ხაბეიშვილი ამბობს, რომ GPS სისტემის უმრავლესობა, რომლითაც მერიამ მიკროავტობუსები ოთხი წლის წინ აღჭურვა, დაზიანდა. ზოგ შემთხვევაში კი მძღოლებმა ავტომანქანები გაყიდეს და  GPS-ები სალონებიდან ამოიღეს.


„ზოგი დაზიანდა, ზოგმა ახალი მანქანა შემოიყვანა და იმათ არ აქვთ GPS-ები. ზოგმა გაყიდა და თავისთავად ამოიღო სალონიდან. ვერ ვიტყვი, რომ  10-ის ნახევრიანი რეისი არ სრულდება. ხანდახან ხდება დარღვევა და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებთ გადამზიდავებს. გაფრთხილების შემდეგ თუ ისევ განმეორდა, ვაჯარიმებთ“, -  განმარტავს  გიორგი ხაბეიშვილი.


ქუთაისის მერიამ საქალაქო მიკროავტობუსებში  GPS -სანავიგაციო სისტემა 2015 წელს დაამონტაჟა, რისთვისაც 285 000 ლარი დახარჯა.

მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ ეს სისტემა მათ საშუალებას მისცემდა თითოეული მიკროავტობუსის გადაადგილების გრაფიკი გაეკონტროლებიათ.

ქუთაისის მერია მაშინ გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟების პირობასაც დებდა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

Print