ახალი ამბები
ზესტაფონში მუშის მიერ პროტესტის ნიშნად ფილების აყრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუშამ, რომელსაც ხელფასი არ გადაუხადეს ფილები აყარა, ტყუილია.

ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე, სადაც გზის საფარის  მოწყობითი სამუშაოები უნდა ხორციელდებოდეს,  ქუთაისიპოსტის მისვლის მომენტში სამუშაოები შეჩერებული იყო.

ადგილობრივები გამარტავენ, რომ სამუშაოები კომპანიის მიერ უხარისხოდ მიმდინარეობდა. ასევე, მათივე თქმით,  გზის საფარის დაგებას იმაზე მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. 

"ცრუ ინფორმაცია არის ეგ რომ ხელფასების გადაუხდელობის გამო ავყარეთ ფილები. ხარისხი არ იყო კარგი და მაგიტომ შევცვალეთ. რაც ვიმუშავეთ ის  აგვინაზღაურეს", – ამბობს ერთ–ერთი მუშა დიდიმი კობახიძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილი ინფორმაცია იმის შესახებ რომ მუშამ, რომელსაც ხელფასი არ გადაუხადეს ზესტაფონში დაგებული ქვაფენილი აყარა, თავის ფეისბუქ გვერდზე, მიმდინარე წლის 4 მაისს, გამოაქვეყნა. მის ამ ინფორმაციას ვიდეო ახლდა თან, სადაც  ზესტაფონელი მუშაა გადაღებული.

“გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს?! ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და "ქართული ოცნების" ოფისის წინ. გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი.


ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 635 000 ლარი განისაზღვრა. ტენდერის გზით მოედნის კეთილმოწყობაზე  პასუხისმგებლობა შპს "ნიკარემსტროს" დაეკისრა. ექვსთვიანი ხელშეკრულება ზესტაფონის მერიასა და "ნიკარემსტროის" შორის 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის 26 აპრილს დაუმთავრდა.

ზესტაფონის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი, ტარიელ სახელაშვილი განმარტავს, რომ  სამუშაოების დასრულების ვადა კომპანიას ორი თვით გადაუვადეს, თუმცა სახელაშვილის თქმით, არც ორი თვე აღმოჩნდა საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად. 

"მონიტორინგის მიერ დათვლა მოხდება თუ რა სამუშაოები შესრულდა და დარჩენილ სამუშაოებზე დამატებითი ტენდერი გამოცხადდება. მაგათ ჰქონდათ გეგმა-გრაფიკი, რომელიც დაარღვიეს და დაახლოებით 19 000 ლარით დაჯარიმდებიან", - ამბობს ტარიელ სახელაშვილი. 

კომპანიაში ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სამუშაოების გაწელვის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. სამუშაოების მწარმოებელ, გოდერძი ბაბუაძის თქმით, თუ დასჭირდათ თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლებენ. 

"წვიმაში მუშაობა არ შეიძლებოდა და ამიტომ შევფერხდით. ავყარეთ ფილის ის ფორმა, რომელიც არ მოეწონათ და გამზადებული გვაქვს ოთხკუთხედი რომ როგორც წესია ისე ჩავალაგოთ ქვები. ჩვენ გავასაჩივრებთ და სასამართლომ გაარჩიოს მტყუან-მართალი", - ამბობს გოდერძი ბაბუაძე.

ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, რომ მოედნის რეაბილიტაციისთვის  ტენდერი თავიდან გამოცხადდება, ხოლო შპს "ნიკარემსტრო" ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდება. 



ამავე თემაზე:

როგორი იქნება ზესტაფონის ცენტრალური მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტო)
Print