ახალი ამბები
პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი დაამტკიცა
FaceBook
პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულაციები მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. სექსუალური შევიწროების კანონით დასჯად ქმედებად აღიარებას მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონის ამოქმედებისთანავე  სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდება.  კანონის დამრღვევს 300 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის  შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონტროლი პატრულის თანამშრომლებს დაევალებათ.


უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის, ორსულისა და შშმ პირის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 800 ლარია, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.

სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ლახავს პირის ღირსებას, ქმნის მისთვის მტრულ და დამამცირებელ გარემოს.

კანონში განმარტებულია რას გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქცევა.  ავტორები ამაში გულისხმობენ სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმას ან მიმართვას, ასევე, პირისთვის გენიტალიების ჩვენებას.

ცვლილება  რამდენიმე კანონს ეხება. ცვლილებები შევიდა შრომის, ორგანულ, სამოქალაქო და სამართალდარღვევათა კოდექსში.

შრომის კოდექსის მე-13 მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე თანამშრომლების მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფას  ავალებს.
Print