ახალი ამბები
„მიხარია, რომ ამაყად ვსტუმრობ იმერეთს“ - მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი ბიზნეს ფორუმზე
FaceBook

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მიმდინარე ბიზნესფორუმზე,  რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარია, 2020 წელს დაიწყება.


„მიხარია, რომ ამაყად ვსტუმრობ იმერეთს. რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ეს არის პროექტი, რომელიც  უფრო დიდი ხნით  გააჩერებს ტურისტს ამ ქალაქში, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო  პოტენციალი აქვს. ქუთაისი დღესაც ძალიან მომხიბლავია, თუმცა, ინფრასტრუქტურა აშკარად ითხოვს მოწესრიგებას და ვფიქრობ,  ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ბიძგი სახელმწიფოს მხრიდან,  რომელიც შემდგომ უკვე კერძო სექტორსა და მეწარმეებისთვის შექმნის დამატებით შესაძლებლობას“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.



მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ასევე,  ისაუბრა დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, გალერეაში არსებული ვითარება არ შეესაბამება იქ დაცული ექსპონატებისთვის საჭირო სტანდარტებს.


მისივე თქმით, კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციაც 2020 წელს უნდა დაიწყოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი ლარია.


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს უცხოელი ინვესტორები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან.


ფორუმზე მოწყობილია პავილიონები, სადაც ადგილობრივი მეწარმეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას წარმოადგენენ.


ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს ქალაქში ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.


ფორუმი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.

Print