პოლიტიკა
ქუთაისში კაფეს მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს"  მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

კაფეს წარმომადგენლების განმარტებით, მერია მათგან ტერიტორიის იჯარით აღებას ითხოვს.

ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის თქმით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყალბი აზომვითი ნახაზი შეადგინა და მიწა ცარიელი სახით დაირეგისტრირა.

ობიექტის მფლობელი, გიორგი ტურაბელიძე ამბობს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი აქვთ, რომ აღნიშნული კაფე პრივატიზირების გზით შეისყიდეს. 2012 წლიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მითვისებას ცდილობს.

"ჩვენ ამ კაფეს ვფლობთ 1995 წლიდან, 10 000 დოლარად გვაქვს ნაყიდი და ახლა გვემუქრებიან შენობის დანგრევით. მაშინ როცა ამ შენობას ვაშენებდით, ქვეყანაში ინგრეოდა ყველაფერი, ახლა კი ქურდული მეთოდებით გვართმევენ, რასაც არ დავუშვებთ", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კაფე კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც არის მუნიციპალური საკუთრება და რომლის გადაცემასა და გაყიდვას სხვა პირზე, გარდა სარგებლობის უფლების გადაცემისა, კანონით შეუძლებელია.

"ჩვენ მათ შეთავაზეთ მორიგების პირობები, რომ სარგებლობის ფორმით 50 წლით გადავცემდით ამ მიწას. წლებია ისინი ფულს არ იხდიან ბიუჯეტში. იჯარით გადაცემა შევთავაზეთ, რომლის შემდეგ ეს სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეოდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს", - ამბობს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

კაფე "სავანემ" სასამართლო დავა მერიის წინააღმდეგ ორი წლის წინ დაიწყო, როცა აღმოაჩინეს რომ საჯარო რეესტრში მიწა ცარიელი სახით იყო დარეგისტრირებული. საქმეს ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იხილავს.
Print