ახალი ამბები
პროგრამა "კორპუსი" გაუქმდა
FaceBook

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.


ახლა უკვე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშემწყობი  პროგრამა“  მხოლოდ მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლების პრობლემებზე აღარ იქნება გათვლილი.

მერიის საბინაო სამსახურში ამბობენ, რომ პროგრამას სახელწოდება არეალს უზღუდავდა, ახლა კი მასში ჩართვა ყველა ტიპის საცხოვრებლის  მცხოვრებს შეეძლება.


„ამ ცვლილებით ჩვენ ვაფართოებთ პროგრამით მოსარგებლეთა არეალს, რაც უფრო მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს მოსახლეობას.  აქამდე მხოლოდ  კორპუსების მცხოვრებლებს ჰქონდათ ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. „კორპუსი“ გაუქმდა, თუმცა, ყველა ის პროგრამა, რასაც მოიცავდა, დარჩა“, - განაცხადა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ.


სახელწოდების შეცვლასთან ერთად,  საბინაო სამსახურმა კიდევ ერთი  პროგრამა დაამატა, რაც კორპუსების სარდაფებში წყლის ამოტუმბვას ითვალისწინებს. ამ პრობლემის წინაშე ქუთაისში  მრავალსართულიანი კორპუსების უმრავლესობა დგას. სარდაფებში არსებული წყალი ქმნის ანტისანიტარიას და  სარფთხეს უქმნის კორპუსების მდგრადობას.


ცვლილება შევიდა ეზოების კეთილმოწყობის პროგრამაშიც. მერიის ინფორმაციით, თუ აქამდე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად შესაბამის პროექტს თავად მოსახლეობა აკეთებდა, ამ ვალდებულებას ქუთაისის მერია აიღებს, რადგან მათი თქმით, ადგილობრივთა მიერ წარმოდგენილი პროექტები ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილი იყო. თუმცა, ამ ხარჯებს მერია საკუთარ თავზე სრულად არ აიღებს. ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებისთვის მოსახლეობას მისი  ღირებულების 5%-ის გადახდა მოუწევს.

Print