ახალი ამბები
„გველების სამყოფელად აქციეთ პარლამენტის შენობა“ - დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გიგა შუშანიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ოთარ ლორთქიფანიძეს  შორის კამათი,  ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმის დამტკიცებას მოჰყვა.

გიგა შუშანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ გეგმა, რომლისთვისაც მერია ორ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს, ეკონიკურ გათვლებზე არ არის დამყარებული და   რეალურად არის ფარატინა ფურცელი, რადგან მასში არაფერია ნათქვამი ქუთაისის  ფუნქციაზე, ქალაქიდან ადამიანების გადინების შეჩერებასა და ინვესტიციების მოზიდვის გზებზე.


ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლამ ოთარ ლორთქიფანიძე გააღიზიანა და მას ქუთაისში პარლამენტის შენობისთვის დახარჯული 360 მილიონი შეახსენა. მისი თქმით, ამ ხარჯის მიუხედავად ქალაქს ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია.


ქუთაისის ეკონომიკური განვითარების ორწლიანი გეგმა მერიამ საკრებულოს სხდომაზე დღეს წარმოადგინა. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, გეგმაში გაწერილი ღონისძიებები განავითარებს ბიზნესს და გაზრდის ეკონომიკას.


გეგმის მიხედვით, შეიქმნება ქალაქის საინვესტიციო პორტფელი, მოეწყობა ბიზნესფორუმები და ეკონომიკური გამოფენა-ბაზრობები, რამაც უნდა გაზარდოს ქალაქის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის ცნობადობა.

Print