ახალი ამბები
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა იმერეთში – კვლევის შედეგები
FaceBook
იმერეთში ბავშვების 61%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 23%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც იუნისეფმა დღეს გამოაქვეყნა.
ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. 

ქვეყნის მასშტაბით კი ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს. 

კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. როგორც UNISEF-საქართველოში განმარტავენ, ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც ევროპის წამყვან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს წარმოადგენს.  მათივე ინფორმაციით, ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.

"გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”,  – განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის.  თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).
Print