ახალი ამბები
ქუთაისის მერია მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანამდე ხაზებზე კონკურსის გამოცხადებას არ გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომლებსაც ხაზებზე გაცემული ნებართვების ვადა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად ეწურებათ, კონკურსს აღარ გამოაცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს უკვე დაავალა ქუთაისისთვის ავტობუსების შესაძენად თანხის მობილიზება.

ვიდრე გადაწყდება ეყოლება თუ არა ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი, მერია ქალაქში მოძრავი სატრანსპორტო ხაზების მფლობელებს დროებით ხელშეკრულებებს გაუფორმებს.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ თითქმის ყველა გადამზიდავ კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე ეწურება.
მხოლოდ ერთ მათგანს აქვს ნებართვა 2020 წლის მარტამდე. შესაბამისად, მერია კომპანიებს ნებართვებს იმ დრომდე გაუგრძელებს, ვიდრე ყველა გადამზიდავს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ ამოეწურება.

თუმცა, რადგან თვითმმართველობაში ჯერ არ იციან როდის განხორციელდება მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმა, სატრანსპორტო კომპანიებს დროებით ნებართვებში კონკრეტულ პირობებს ჩაუწერენ.

"2020 წლის მარტში, როცა ყველა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა დასრულებული იქნება, ქუთაისის მერიას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა როგორ და რა რაოდენობის ავტობუსების შემოყვანას აპირებს. ამიტომ, ჩვენ ყველა კომპანიას დროებით ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ პირობით, რომ მათ ეს ნებართვები ექნებათ კონკრეტული საჭიროების დადგომამდე ან კონკურსის ჩატარებამდე", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

მისი თქმით, კონკრეტულ საჭიროებაში იგულისხმება მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმა, რომელიც, შესაძლოა, 2020 წლის მარტამდეც განხორციელდეს, თუმცა, თუ ამ დროისთვისაც ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება, მერია კონკურსს მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ბოლო კომპანიას ნებართვის ვადა ამოეწურება, რადგან ყველა გადამზიდავი ერთნაირ პირობებში იყოს.

"თუ ეს გეგმა არ განხორციელდა და ავტობუსებზე კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო, მერიას ისიც უნდა ჰქონდეს გარკვეული, რა სვლაგეზები და რაოდენობა უნდა იქნას დადგენილი. როდის იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი, კონკრეტული თარიღი არ შემიძლია გითხრათ. რეალურად, ინფორმაცია არ მაქვს როდის იქნება ამაზე პასუხი. მიმდინარეობს მუშა პროცესი და რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ გააჟღერა. შესაბამისი განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ავტობუსების შესაძენად მოლაპარაკება  "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკთან"  (EBRD) აწარმოოს, თუმცა, განკარგულებაში ავტობუსებისა და  თანხის რაოდენობაზე, ასევე,  შეძენის ვადებზე არაფერია ნათქვამი. 

ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ გეგმაზე, როგორ წარმოუდგენია თვითმმართველობას კერძო სატრანსპორტო ქსელის მუნიციპალურად გადაკეთება. როგორ დაარგეულირებს ურთიერთობას გადამზიდავებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ქალაქში სატრანსპორტო მონოპოლისტები არიან და ერთდროულად ფლობენ როგორც საავტობუსო, ასევე, მიკროსაავტობუსო ხაზებს.

სატრანსპორტო მონოპოლიამ ქუთაისს არაერთხელ შეუქმნა პრობლემა.  ადგილობრივი ხელისუფლება კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობდა, იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. ასე მოხდა 2017 წელსაც, როცა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა ქალაქში სამდღიანი გაფიცვა მოაწყვეს.  ხელისუფლება მაშინაც უძლური აღმოჩნდა და მგზავრობა 10 თეთრით გააძვირა.


როგორ გამოიყურება საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში, ნახეთ აქ.


Print