ახალი ამბები
ტყიბულის მერის მოადგილე - "იყო მუქარა, ველოდები პროვოკაციებს"
FaceBook
ტყიბულის მერის მოადგილე, სოფო ბოჭორიშვილი მისი მისამართით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს, თუმცა, არ აკონკრეტებს ვინ და რატომ დაემუქრა.
მერის მოადგილემ მუქარასთან დაკავშირებით პოსტი საკუთარი ფეისბუქის გევრდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელოდება ცილისწამებას და პროვოკაციებს.

"ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს. იყო რეალური მუქარა. გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ",-წერს სოფო ბოჭორიშვილი.

მერის მოადგილე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მერის მოადგილეზე მუქარას გამორიცხავს ტყიბულის მერი. თემურ ჩუბინიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ამის შესახებ მანაც ფესიბუქის საშუალებით გაიგო.

"ახლა მითხრეს და გაოცებული ვარ. თუ დაპირისპირება ექნებოდა, უნდა ჰქონოდა ჩემთან. მსგავსი არაფერი არ ყოფილა, მინიშნებაც კი არ ყოფილა, რომ ეს ხდებოდა. სამსახურებთან თუ აქვს პრობლემა თავის საკურატოროში, ეს სამუშაო პროცესია და ხან კონფლიქტი გვექნება და ხან მოვეფერებით ერთმანეთს. აქ ისეთი სიტუაციაა, სოფოს მიმართ ვინმეს მუქარა გამოეხატოს აშკარად ან ფარულად, გამორიცხულია.",-ამბობს თემურ ჩუბინიძე.

მისივე თქმით, თუ მსგავსი რამ მართლაც ხდება, მერის მოადგილეს უნდა დაეკონკრეტებინა ვინ ახდენს მასზე ზეწოლას.

"უნდა დაეწერა ვისგან მოდის ეს მუქარა. ასე ყველაფერი შეიძლება დაწერო. მტკიცება უნდა ამას, ფაქტები და არგუმენტები. ასე არ შეიძლება",-ამბობს თემურ ჩუბინიძე.

სოფო ბოჭორიშვილი ტყიბულის მერის მოადგილის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.
Print