ახალი ამბები
ანდერძით მიღებულ 10 000 ევროს მეროიანების ოჯახი მკურნალობაზე დახარჯავს
FaceBook
გერმანელი ქველმოქმედის, როლფ ბარბიანის მიერ ნაანდერძევ თანხის ძირითად ნაწილს, მეროიანების ოჯახი ბავშვების მკურნალობისთვის გამოიყენებს.

ოჯახის დიასახლისის, სვეტა მიროიანის თქმით, მის ორ გოგოს თირკმელის დაავადება აწუხებს და უსახსრობის გამო, მკურნალობას ვერ ახერხებდნენ.

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ ეს რამხელა სიხარულია. თირკმელის გაორება აქვს ჩემს ერთ გოგოს და მეორესაც პრობლემები აქვს თირკმელზე. დამყავდა სამკურნალოდ თბილისში, მაგრამ უსახსრობის გამო სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებას ვერ ვახერხებდით", - ამბობს სვეტა მიროიანი.

მეროიანების სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. 2007 წლიდან როლფ ბარბიანმა მათი მეურვეობა იტვირთა. წელიწადში ერთხელ ოჯახის მოსანახულებლად ქუთაისში ჩამოდიოდა, სხვა დროს კი სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა. გერმანელი ქველმოქმედის მიერ 2017 წელს დატოვებული ანდერძი მიროიანების ოჯახს ქართულ-გერმანულ ცენტრში, მიმდინარე წლის, ცხრა აპრილს გააცნეს.



გარდაცვლილის მეგობარის, გერჰარდ მიულერის თქმით, როლფ ბარბიანი დარწმუნებული იყო, რომ ოჯახს ეს თანხა სჭირდებოდა. თანხა მეროიანების უფროსი შვილის, ქრისტინეს ანგარიშზე ჩაირიცხება და ოჯახს მისი განკარგვა საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლება.

გერჰარდ მიულერი გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო. ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს სხვადასხვა ქვეყნის სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის აგროვებს. გერმანელები 2006 წლიდან ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს უწევენ მეურვეობას.

მიროიანების ოჯახისთვის ანდერძით დატოვებული 10 000 ევროს სრულიად მოულოდნელი საჩუქარი იყო. ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა ორგანიზაციის რომელიმე სხვა წევრი მათ მეურვეობას.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 000 ევრო უანდერძეს
Print