ახალი ამბები
„კონკრეტული ადგილი შერჩეული არ არის“ -კომპანია „ჩანგანი“ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაზე
FaceBook
ქუთაისში, სად უნდა აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა, რომელიც პრემიერის თქმით, წელიწადში 40 000 მანქანას აწარმოებს, უცნობია.
ქუთაისიპოსტი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელმაც პრემიერი თქმით, ქარხანა უნდა ააშენოს. 

უცხოური (ჩინური) კომპანია "ჩანგანის" საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ მათთვის მხოლოდ ის ინფორმაციაა ცნობილი, რაც პრემიერმა გააჟღერა.

GMG გრუპის  საქართველოს დირექტორი, გოჩა როსტიაშვილი ამბობს, რომ მათი ოფისი პროცესში ჩართული არ არის.


"ეს არის სახელმწიფოებს შორის, მემორანდუმის დონეზე გაკეთებული შეთანხმება. ჯერჯერობით ეს პროცესი ჩვენ არ გვეხება. ამ ეტაპზე არაფერში არ ვართ ჩართული და შემდეგ რა გამოიკვეთება ვნახოთ.  რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, რამდენადაც ვიცი შერჩეული არ არის. რაც დაანონსდა ის ვიცი მეც, მეტი ჯერჯერობით არაფერი. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ 2020 წელს პირველი მანქანა უნდა გადმოვიდეს კონვეირიდან", - ამბობს გოჩა როსტიაშვილი.

რაც შეეხება წელიწადში 40 000 ავტომანქანის წარმოებას, გოჩა როსტიაშვილი ამბობს, რომ კომპანიის მასშტაბების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია.

"მე როგორც ერთ-ერთ ბიზნეს ხელმძღვანელს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაოდენობა არ არის ის, რომ საქართველოში შეუძლებელი იყოს მისი განხორციელება. მითუმეტს, დაანონსდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა", - ამბობს გოჩა როსტიაშვილი.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე დააანონსა.

მისი თქმით, ქარხნა წელიწადში 40 000 ავტომობილს აწარმოებს, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 000 ევროკავშირში საექსპორტოდ.

"კომპანია "ჩანგანმა", რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც,  რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში", - განაცხადა პრემიერმა.

Print